გიწვევთ ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენაზე და დაჯილდოების ცერემონიაზე
„ღანი – სიყვარული, განღმრთობის გზა“, რომელიც იმართება თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის ორგანიზებით, კულტურულ-საგანმანათლებლო კონცეფციის „სიყვარული - განღმრთობის გზა“ ფარგლებში.
📅 21 ოქტომბერი, 17:00 საათი
📍 ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი (თბილისი, რუსთაველის გამზირი №7)
________________________________________
17–24 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს ახალგაზრდა ხელოვანთა გამოფენას "ღანი - სიყვარული განღმრთობის გზა", რომლის მიზანია ხელოვნების საშუალებით სიყვარულის, როგორც უმაღლესი სულიერი ღირებულების, გააზრება და მისი გამოხატვა თანამედროვე მხატვრულ ფორმებში.
პროექტის საკვანძო თემაა ქართული ასომთავრული ანბანის ასონიშანი – „ღანი“, რომლის მოხაზულობა თაღის ფორმას მოგვაგონებს და სიმბოლურად აერთიანებს ზეციურ და მიწიერ სამყაროს.
კონკურსი „ღანი“ ჩატარდა სამ კატეგორიაში – ქანდაკება, არქიტექტურა და მხატვრობა – და მოიზიდა ახალგაზრდა ხელოვანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
პროექტი მოიცავდა ინტეგრირებულ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აერთიანებდა ლექციებს, პოდკასტებსა და საჯარო შეხვედრებს სიყვარულისა და ხელოვნების ურთიერთმიმართების თემაზე.
ჟიურიმ შეარჩია 30 ფინალისტი, რომელთა ნამუშევრები გამოფენილია მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.
დაჯილდოების ცერემონიაზე თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება I, II და III ადგილის გამარჯვებულები, ხოლო ყველა მონაწილე მიიღებს სამახსოვრო დიპლომებსა და ფულად პრიზებს.
ცერემონიის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინება ინიციატივის მომავალი ეტაპი -
2026 წელს დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც მიეძღვნება „ქართლის მოქცევისა“ და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს.
პროექტი ემსახურება თანამედროვე ხელოვნებაში იმ სულიერი ღირებულებების გააქტიურებას, რომლებიც ქართული კულტურისა და ქრისტიანული ტრადიციის არსს წარმოადგენს.